logo
ENG



"დოჟდმა" ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

10 იან 202312:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/10/z3fz06v2zmbdw7c.jpg

ნიდერლანდების მარეგულირებელმა ტელეკომპანია "დოჟდს" მაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა. ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მარეგულირებლის ვებგვერდზე 22 დეკემბერსაა გამოქვეყნებული.

ინფორმაციას ადასტურებს "დოჟდის" მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკოც. ამასთან, როგორც გამოცემა Reuters წერს, "დოჟდს" ნიდერლანდებში 5-წლიანი ლიცენზია ექნება.

დეკემბრის დასაწყისში ტელეკომპანია "დოჟდი", რომელიც რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად არის გამოცხადებული, ერთ-ერთი ტელეწამყვანის განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. ტელეწამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, მიაწოდონ ინფორმაცია მობილიზაციის დროს დარღვევების შესახებ და თქვა, რომ არხი რუს სამხედროებს დაეხმარება. აღნიშნული განცხადების შემდეგ ჟურნალისტი გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ტელეარხს მაუწყებლობა ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში შეუწყვიტეს.

ტელეარხი "დოჟდი" რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდე, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. დაწესებული ცენზურის გამო ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.

დეკემბერში ლატვიის ხელისუფლება არხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია გაუჩნდა. ცნობილი გახდა, რომ NEPLP-მა ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართებით ფრაზა "ჩვენი არმიის" გამოყენების გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ლატვიაში ტელეარხის დაჯარიმების გადაწყვეტილებაზე და თქვა, რომ  "მოღალატეები არსად უყვართ", ხოლო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა მომხდარი აღწერა, როგორც "მცდარი ილუზიები, რომ სადღაც უკეთესია, ვიდრე სახლში."


close დახურვა